თურქეთი ბანანის ექსპორტისთვის ემზადება

2023 წლისთვის, თურქეთი მთლიანად შეაჩერებს ბანანის იმპორტს და უზრუნველყოფს შიდა ბაზარს 100%-ით ადგილობრივი პროდუქტით, ხოლო მომავალში უცხოეთის ბაზრებზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ EastFruit- ი თურქულ გამოცემა Daily Sabah-ზე დაყრდნობით წერს.

ანამურის რაიონის სოფლის მეურნეობის პალატის პრეზიდენტის, აჰმეთ სერეფ გიუმიუსის თქმით, მერსინის პროვინციის სამხრეთით მდებარე იმ სათბურების რაოდენობა, სადაც ბანანი მოჰყავთ, ყოველწლიურად იზრდება. ამ დროისთვის მხოლოდ აღნიშნულ სათბურებში მოყვანილი ბანანი ქვეყანაში მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს.

თურქეთში ბანანის მთლიანი მოხმარება ყოველწლიურად 800 ათას ტონას შეადგენს, აქედან 80% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.

გიუმიუსის თქმით, წელს თურქეთში ბანანის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს 700 ათას ტონას მიაღწევს: ”2023 წლისთვის, თურქეთი მთლიანად შეაჩერებს ბანანის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარს 100%-ით ადგილობრივი პროდუქტით უზრუნველყოფს”.

მწარმოებლების შემდგომი გეგმები კი მოიცავს წარმოების ზრდას 900 ათას ტონამდე და უცხოეთის ბაზრებზე გასვლას.

EastFruit- ის თანახმად, 2019 წელს, თურქეთში იმპორტირებული იქნა რეკორდულად დაბალი რაოდენობის ბანანი (მხოლოდ 122 ათასი ტონა). 2018 წლამდე იმპორტის წლიური მოცულობა აღემატებოდა 200 ათას ტონას, მთავარი მიმწოდებელი კი იყო ეკვადორი, რომლის წილიც იმპორტში 95% -ს შეადგენდა. თურქეთში ბანანის მცირე რაოდენობა შედის კოსტა რიკიდან, კოლუმბიიდან და გვატემალადან. რაც შეეხება ექსპორტს, 2018 წელს თურქეთმა უცხოეთში 23 ტონა ბანანი გაყიდა, 2019 წელს კი მხოლოდ - 10 ტონა.