გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში, დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს, ასფალტის ზედა ფენის დაგება უკვე დასრულებულია. სამუშაოების ბოლო ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში, ვეკუა-ზიხანიშვილის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დღეს დასრულდა. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სრული რეაბილიტაცია განხორციელდა - დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციით, დამთავრებული განათების ბოძებით და LED სანათებით. სამუშაოების ფარგლებში, ორივე ქუჩაზე ნიადაგდამჭერი ბეტონი ჩამოისხა, ასევე, გაფართოვდა ტროტუარები. ავტომობილების გადაადგილება ორივე ქუჩაზე თავისუფლად არის შესაძლებელი. დარჩენილი სამუშაოები მიკრორაიონებში შემსვლელი ქუჩების ვეკუასა და ხიზანიშვილის ცენტრალურ ქუჩებთან მიერთებას მოიცავს, ასევე, ტროტუარების მოწყობას და გაჩერებების მონტაჟს. ტროტუარებზე არსებობს გარკვეული მონაკვეთები, სადაც მოასფალტებაა საჭირო. ბოლოს უკვე საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყება. პროექტი განხორციელებულია კაპიტალურად, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი. სარეაბილიტაციო არეალში პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების, ასევე, ველობილიკებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას თან ახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება. კერძოდ, ორივე ქუჩა დაპროექტდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე ორიენტირებით. ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მოეწყობა ე.წ. ბასლეინები, რაც მოქალაქეთა გადააადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ, გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გულია გოცირიძემ და ოთარ გრიგოლიამ დაათვალიერეს.