ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზედამხედველო მანდატის ეფექტიანად შესრულების მიზნით, სტრატეგიის ყოველწლიურად გამოქვეყნებას იწყებს. სებ-ის ცნობით, საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს მომავალი 3 წლის (2020-2022 წ.წ.) სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მისი შესრულებისათვის საჭირო ვადებსა და საქმიანობებს.

დოკუმენტი ყოველწლიურად განახლდება, რაც არ გულისხმობს საზედამხედველო პრიორიტეტების ყოველწლიურ ცვლილებას, არამედ, ამ პრიორიტეტების გეგმის/ვადების შესაძლო ცვლილებებს, საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესასრულებლად.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტი ხელს უწყობს ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

„საფინანსო სექტორის პროგნოზირების ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზედამხედველო სტრატეგიის ყოველწლიური გამოქვეყნება. აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე. საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს რისკების შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების საფუძველზე სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო პრიორიტეტებია:

საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორატიული კულტურის გაძლიერება, თითოეული საზედამხედველო პრიორიტეტის შესაბამისი აქტივობები და ვადები ვრცლად შეგიძლიათ დოკუმენტში იხილოთ.

ეროვნულმა ბანკმა მოცემულ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა. თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, საჭირო გახდა საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. შედეგად, მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მაქსიმალურად მობილიზდა საზედამხედველო და ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რესურსები.

საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური სტრატეგია და გეგმები დოკუმენტს მომავალში დაემატება,"-ნათქვამია ინფორმაციაში.