ბანკებიც ისევ ძარცვავენ ადამიანებს, აწერენ ჯარიმებს, არიცხავენ პროცენტებს. ანუ ისევ არ ითვალისწინებენ პრემიერ გახარიას განცხადებებს, რომელიც ორჯერ ითქვა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან და არც არავინაა უფლებამოსილი რომ ჩაერიოს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა სოციალურ დახმარებებზე და განაცხადა, რომ რვასულიან ოჯახს, პანდემიის დროს დახმარების ნაცვლად, 50 ლარით ნაკლები ჩაურიცხეს.
„ რვასულიან ოჯახს, პანდემიის დროს დახმარების ნაცვლად, 50 ლარით ნაკლები ჩაურიცხეს. სოციალურად დაუცველს კი, 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი. არგუმენტი იყო - შვილი არ გყავს და არ გეკუთვნისო. არადა, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტში მილიონებია ამ მიმართულებით გაწერილი, პრემიერის მიერ წარმოდგენილ პროგრამაშიც არაფერი იყო ნათქვამი მსგავს გრადაციაზე.
ასევე, 450 მილიონია გამოყოფილი, 6 თვის განმავლობაში, 200 ლარიან დახმარებაზე, ხოლო 75 მილიონი - 300 ლარიან დახმარებაზე, თვითდასაქმებულთათვის. ანუ, ჯამში გამოდის 625 ათასი ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს დახმარება. რატომ გამოიყო ეს თანხა?! თუ „ქართული ოცნების“ მთავრობის გათვლით 625 ათასი ადამიანი დაკარგავდა შემოსავალს, ეკონომიკაში ვინ დარჩებოდა დასაქმებული, გარდა სახელმწიფო მოხელეებისა ვიღას ექნებოდა შემოსავალი? როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ 625 ათასი ადამიანი ავტომატურად ღებულობს სესხების სამი თვით გადავადების უფლებას, კაპიტალიზაციის გარეშე, ეს როგორ უნდა აისახოს ბალანსზე, ეროვნულმა ბანკმა დათვალა საერთოდ, თუ ისევ მხოლოდ პოლულისტური განცახდებებია?! ბანკებიც ისევ ძარცვავენ ადამიანებს, აწერენ ჯარიმებს, არიცხავენ პროცენტებს. ანუ ისევ არ ითვალისწინებენ პრემიერ - გახარიას განცხადებებს, რომელიც ორჯერ ითქვა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან და არც არავინაა უფლებამოსილი რომ ჩაერიოს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.