ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი პროექტი დაბალანსებულია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული.
სებ-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გამართლებულია, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა არ უნდა მოხდეს იმ დონემდე, რომელიც ინფლაციაზე დამატებითი წნეხის რისკებს გააჩენს და საფრთხეს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაბალანსებულია - ერთი მხრივ, ის პასუხობს შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის მხარდაჭერის ამოცანას, მეორე მხრივ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის აღნიშნული ზრდა დროებითი ხასიათისაა, ეს პარამეტრი მომავალ წლებში ეტაპობრივად მცირდება და 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი) უბრუნდება. შედეგად, 2020 წლის ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, შემდგომ წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის,”-აღნიშნულია დასკვნაში.
ასევე, სებ-ის შეფასებით, იმ დაშვებით, რომ მომდევნო წლებში მშპ-ს ზრდა საშუალოდ 5%-ის ფარგლებში იქნება და საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ მცირდება, ვალის აღნიშნული ზრდა საშუალოვადიან პერიოდში ვალის მდგრადობის რისკებს არ წარმოშობს.