მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ სემეკი-დან იუწყებიან. მათი ინფორმაციით, სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) აღნიშნული გადაწყვეტილება 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში. გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას. სემეკის ახალი რეგულაციების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოეულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისთვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას გამანაწილებელი კომპანია შეისყიდის. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ასევე, არ არის სავალდებულო, ელექტროსადგური იყოს მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებაში. ელექტროსადგურით სარგებლობა შესაძლებელია იჯარით, ლიზინგით ან სხვა ფორმით ფლობის შემთხვევაშიც. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობა შეუძლიათ 500 კვტ-მდე სიმძლავრის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსაც. დაუშვებელია, პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით. დღეისთვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში 173 მომხმარებელია ჩართული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.