პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინპექტორის სამსახურს მიმართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა.
პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში,- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლორდა თოლორაიამ პარლამენტში ადამიანის უფლბათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.
ლონდა თოლორაიამ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და ინახება ყველგან - საჯარო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სატელეფონო კომპანიებში, კერძო დაწესებულებებში. მონაცემის არაკანონიერი დამუშავება შეიძლება გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციის ან და სხვა ნეგატიური შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო უწყება, კერძო ორგანიზაცია და პირი, რომელსაც შეხება აქვს ჩვენს პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას. გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს გაიზარდა სამსახურისადმი მომართვიანობა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სამსახურს მომართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. შემოსული განცხადებების 81% ეხებოდა კერძო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავებას, ხოლო 19% - საჯარო უწყებებში მონაცემთა დამუშავებას. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში. გაზრდილი მომართვიანობის პარალელურად სამართალდარღვევების შემცირებული მაჩვენებელი საჯარო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამ სფეროში კვლავ ბევრი გამოწვევაა“,- განაცხადა თოლორაიამ.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა მონიტორინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ,,საჯარო უწყებებმა და კერძო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ შიდა საზედამხედველო დანაყოფები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ თანამშრომელთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს.