„სახელმწიფო ზრუნვაში დაახლოებით 2000 ბავშვია - ბავშვების დაახლოებით 70%, რომლებიც სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს, ძალადობის მსხვერპლი არიან"

სოციალური მუშაკების მიერ ბავშვების ოჯახებიდან გამოყვანა ხდება ძირითადად იმ შემთხვევაში როცა ოჯახში ძალადობა ფიქსირდება და ეკონომიკური ფაქტორები ნელ -ნელა იკლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ უწყების ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვაში დაახლოებით 2000 ბავშვია.

"კარგს ვერ ვიტყოდი, მაგრამ უკეთესი სტატისტიკა გვაქვს ბავშვთა მიტოვების მიმართულებით. ბავშვების ოჯახებიდან გამოყვანა ხდება ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში ძალადობა ფიქსირდება და ეკონომიკური ფაქტორები ნელ -ნელა იკლებს. დაახლოებით 70 პროცენტი ბავშვებისა, რომლებიც სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს 2019-2020 წლის განმავლობაში არიან ძალადობის მსხვერპლები და შესაბამისად, მყისიერი რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან საჭირო, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი იყო ის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული. ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო საჭირო, შესაბამისად, ბავშვები დროებით გადმოვიყვანეთ სახელმწიფო ზრუნვაში,"- განაცხადა ბარკალაიამ.