ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფინური კორპორაციის „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორთან, მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
„ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ შევარჩიეთ 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ვახორციელებთ პირდაპირ დიალოგს და ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია,“ - განაცხადა თურნავამ.