ლევან დავითაშვილი - ადვილი რთველი რომ გვექნება, ამაზე საუბარი არ არის, ამიტომ კრიზისულ ბიუჯეტში მთავრობამ სუბსიდირების თანხა გაითვალისწინა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა მეღვინე-ფერმერებს ყურძნის რეალიზაციაში წელსაც დაეხმარება.

როგორც დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს NEWSROOM“ განაცხადა, ღვინის ინდუსტრია კორონავირუსის გამო საკმაოდ დაზარალდა.

დავითაშვილის ინფორმაციით, ქართული ღვინის გაყიდვები ამ მომენტისთვის დაახლოებით, 10-15%-ით არის შემცირებული.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ღვინის ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი მთელ მსოფლიოში კოვიდიდან გამომდინარე. ფაქტიურად ევროპის ყველა ქვეყანას უწევს გადაწყვეტილებების მიღება. დავინახეთ, რომ კოვიდიდან გამომდინარე ბევრი სირთულის წინაშე დადგა ეს დარგი. ღვინის დარგი ტურიზმის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დარგია. ღვინო არის სურსათის სექტორის ნაწილი, მაგრამ ღვინო ძირითადად მოიხმარება სხვა სპეციფიურ გარემოში, ეს არის ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული, ასევე მასპინძლების ინდუსტრიასთან ჰორეკა სექტორთან, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, რესტორნებს და კაფეებს - პირდაპირი არხები ეს არის მთელი მსოფლიოს ღვინის მოხმარების 30%. ფაქტიურად ეს არხები რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო ღვინის მწარმოებლებისთვის ყველა ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება ძირითადად რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეეხება.

„მოდით ვიყოთ ძალიან პირდაპირები და გულწრფელები, მთავრობის წევრის პასუხისმგებლობა ამაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ცრუ ილუზიები, არასწორი მოლოდინები. ამიტომ ჩვენ მოსახლეობას რეალური სიტუაცია უნდა ავუხსნათ. რა თქმა უნდა, ქართული ღვინის გაყიდვები შემცირებულია დაახლოებით ეს არის ამ მომენტისთვის 10-15%-ით. თუმცა, საქართველოში ნედლეულის წარმოება ყოველ წელს მზარდია ბოლო 7-8 წლის განმავლობაში. ეს ასახავს იმას, რომ ჩვენი ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო. წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ დაახლოებით, 300 ათასი ტონა ინდუსტრიული ყურძენი იქნება. აბსოლუტურ რეკორდზე ვსაუბრობთ ყოველ წელს და წელსაც რეკორდი განმეორდება და მომავალ წლებშიც იქნება ეს რეკორდები. ის, რომ ჩვენ გვექნება ადვილი რთველი, ამაზე საუბარი არ არის. სწორედ ამიტომ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება და კრიზისულ ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტშია შესული გაითვალისწინა სუბსიდირების თანხა. ჩვენ მოგვიწევს აუცილებლად სუბსიდირება იმისთვის, რომ მინიმალური გარანტიები შეიქმნას მევენახე ფერმერებისთვის. ეს ძირითადად ეხება რქაწითელის ჯიშის ყურძენს, რომელიც ჭარბია საქართველოში. ხოლო რაც შეეხება სხვა ყურძნებს, ჩვენ ვფიქრობთ აქ ჩარევა არ დაგვჭირდება ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე. საფერავის და სხვა იშვიათი ჯიშის ყურძნების დაბინავება კერძო სექტორიდან მდგრადი მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში ხდება ხოლმე“, - განაცხადა დავითაშვილმა.