თურქულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუმ" («Anadolu Ajansı») გამოქვეყნა სტატია სათაურით "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი კორონავირუსის პანდემიის დროს თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა" (ავტორი - გიუნი ჩელიკი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია აზერბაიჯან-საქართველოსა და თურქეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალის "ბაქო-თბილისი-ყარსის" საქმიანობა "კოვიდ-19"-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
"ანადოლუს" კორესპონდენტი ესაუბრება თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს აჰმედ არსლანს (იგი წარმოშობით ყარსის პროვინციიდან არის), რომლის თქმით, პანდემიის დაწყების დროიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 138 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული (იმპორტი -77 ათასი ტონა, ექსპორტი - 60 ათასი ტონა). "ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რკინიგზას როგორც თურქეთისათვის, ასევე საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. გარდა ამისა, ეს რკინიგზა ხომ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელიცაა".
აჰმედ არსლანი ასევე აღნიშნავს, რომ რკინიგზით რუსეთის ტვირთებიც გადაიზიდება: როგორც ცნობილია, სატრანსპორტო დერეფან "ჩრდილოეთი-სამხრეთით" თურქეთიც და რუსეთიც სარგებლობენ, მისი მეშვეობით კი ტვირთებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც იღებს. რუსეთიდან თურქეთში გადის ფურცლოვანი რკინა, მეტალის ნაწარმი, ქვანახშირი და მძიმე მრეწველობის სხვა პროდუქცია, თურქეთიდან რუსეთში კი - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.