„წამლის“ მოქმედება ივლის-აგვისტოში გაივლის და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებში შევა ყველა“ - „აი სი არ ჯგუფი“ ბრენდული მაღაზიების შესაძლო დახურვაზე

„წამლის“ მოქმედება ივლის-აგვისტოში გაივლის და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებში შევა ყველა“,- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ ბრენდების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ივნისიდან მაღაზიებს რეალიზაცია 35-45%-ით შეუმცირდათ, რისი შედეგიც სექტემბერში დადგება. კახა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მაღაზიების ნაწილის დახურვა მოუწიოს.

ცნობისათვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.

“მარტივად, რომ გითხრათ, დღეს არის ასეთი ვითარება, კბილის ექიმთან რომ მივდივართ, სანამ დაგვიპლომბავენ, ან ამოგვიღებენ, გვიკეთებენ წამალს, დაბუჟების პროცესში კი ტკივილს ვერ ვგრძნობთ. ახლა სწორედ ეს დაბუჟების პროცესი აქვს ყველას. რეალურად, ამ „წამლის“ მოქმედება ივლის-აგვისტოში გაივლის და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებში შევა ყველა. იმიტომ, რომ გაყიდვების მიმართულებით კლებაა. 2-თვიანი დახურვის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში რეალიზაცია თითქოს წამოვიდა, თუმცა, ივნისიდან დღემდე დაახლოებით, 35-40%-ით შემცირდა. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება ივლის-აგვისტოშიც და უკვე პიკი იქნება სექტემბერში“,-ამბობს კახა ზახარაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ქსელური ბრედების 90% ხოლო, საერთო ჯამში, მაღაზიების 5% ვერ გაიხსნა.

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ბევრი პატარა მაღაზია ვერ გაიხსნა. მათ პრობლემები ჰქონდათ მარაგებთან დაკავშირებით და ამასთან, ქსელურები არ იყვნენ. დანარჩენი ყველა ბიზნესი ზარალზე მუშაობს, ანუ ქეშ ფლოუს გენერირებაზეა, რაც მალე პრობლემას შექმნის. იმიტომ, რომ გაყიდვები კიდევ ქვემოთ წამოვა და რეალურად, პრობლემატური სურათი სექტემბერში გამოიკვეთება.

მართალია, ქსელური კომპანიების 90%-მა მაღაზიები გახსნა, მაგრამ უკვე ხედავენ, რომ რეალიზაციის ნაწილში პრობლემა აქვთ. უკვე სექტემბერში მოლებთან ფასდაკლებაზე საუბარიც არააქტუალური იქნება, რადგან გარკვეული ზღვარის ქვემოთ, ნულიც რომ მოგცეს მოლმა, ქეშ ფლოუს გენერირებას მაინც ვეღარ აკეთებ შენი რეალიზაციიდან. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მაღაზიების 30-40%-ის დახურვა მოგვიწევდა. თუმცა, ამის ზუსტი პროგნოზი ივლისის ბოლოს, აგვისტოში გვეცოდინება.

ჯერჯერობით, საერთო ჯამში, მაღაზიების 5% გვაქვს დაკეტილი. თუმცა, ეს მაღაზიები არ დაგვიხურავს პანდემიის გამო, მათ ისედაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.

ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი პრობლემაა მეორადი მოთხოვნილების პროდუქციის რეალიზაცია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს „პარფოისის“ მაღაზების ქსელი (10 ფილიალი). იქიდან გამომდინარე, რომ მათი პროდუქცია აქსესუარებია, მოთხოვნა არ არის. კონკრეტულად ამ მაღაზიის შემთხვევაში ივნისში 75%-ით შეგვიმცირდა რეალიზაცია. შესაბამისად, ამ ბრენდის შენარჩუნება ძალიან გავიჭირდება. ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, წლის ბოლომდე, 70-80%-ით, შესაძლოა, ამ ბრენდზე მთლიანად უარის თქმა მოგვიწიოს“,-განაცხადა კახა ხაზარაძემ.

ნინი ქეთელაური