COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ონისა და ამბროლაურის კლინიკებსა და მუნიციპალიტეტებს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პირბადეები, კომბინიოზნები და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი პროდუქცია Faceguard-ი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ამბროლაურის კლინიკის მედპერსონალს, ამბროლაურის მერთან ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო ეკიპირება პირადად გადასცა. ასევე, აქციის ფარგლებში, სამედიცინო აღჭურვილობა პროფილური კლინიკისთვის გადეცა ონის მერიას.
„საპარტნიორო ფონდის მიერ ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის დახმარების აქცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ჩვენი მეგობრების დახმარებით, გრძელდება. ჩემთვის, როგორც რაჭველისთვის დღევანდელი აქცია ორმაგად მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები შეინარჩუნებენ მწვანე ზონის სტატუსს, თუმცა ჩვენ მაინც მომზადებულები ვართ. ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანრთელობას,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
„საპარტნიორო ფონდი საინტერესო პროექტებს ახორციელებს ჩვენს რეგიონში და მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვუთხრა რომ ადგილობრივი თვითმართველობა ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.
„საპარტნიორო ფონდს“ დახმარებისთვის მადლობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემაც გადაუხადა და აქციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„კოვიდ 19-თან აქტიური ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, პირველ ეტაპს ქვეყანამ მართლაც წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ არსებობს გარკვეული საჭიროებები. ცნობილია, რომ საჯარო დაწესებულებებში თავშეყრის ჩატარებისთვის, აუცილებელია პირბადის გამოყენება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ცხელების ცენტრებსა და პროფილურ დაწესებულებებში საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც „საპატნიორო ფონდმა“ გადმოგვცა”,- განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.
„საპარტნიორო ფონდმა“ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციის, ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტისა და განსუს პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოგზავნილი 4000-მდე პირბადე და 60-მდე სამედიცინო კომბინიზონი გადასცა. „საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.