საფრანგეთში ივანიშვილის ყოფილ ბიზნესპარტნიორს გადასახადის დამალვისთვის ჯარიმა დააკისრეს

საფრანგეთის სასამართლომ რუს ბიზნესმენს ვიტალი მალკინს 1,7 მლნ დოლარის გადასახადის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება საფრანგეთის კურორტ კურშევალში მდებარე ჩალეტს, რომელიც ბიზნესმენის საკუთრებაა და რომლის ღირებულება 35 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მალკინმა, იმისათვის, რომ გადასახადისგან თავი აერიდებინა, საკურორტო ზონაში მდებარე კოტეჯი დაარეგისტრირა ლუქსემბურგში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის სახელზე.

67 წლის მალკინი 1990-იან წლებში იყო რუსეთში ბანკ "Российский кредит"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც 1998 წლის კრიზისამდე უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენდა. მასთან ერთად, ბანკის დამფუძნებელი იყო ბიძინა ივანიშვილიც. თუმცა მოგვიანებით ივანიშვილმა აქტივები გაყიდა.