ევროკავშირის ეკონომიკა მეორე კვარტალში შესაძლოა, 13%-ით შემცირდეს

ევროკავშირის ეკონომიკა უკვე განიცდის „კოლოსალურ ვარდნას“ და ის შეიძლება 2020 წლის მეორე კვარტალში 13%-ითაც შემცირდეს. ამის შესახებ ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა, - წერს Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8,7%-ით შემცირდება. როგორც ლაგარდმა აღნიშნა, კრიზისი ჯერ მთლიანად არ გამოვლენილა, კერძოდ, ის ჯერჯერობით არ ასახულა შრომის ბაზარზე. ერთ-ერთი სავარაუდო პროგნოზით კი ევროკავშირში წელს უმუშევრობის დონემ შესაძლოა, 10% -ს მიაღწიოს.

ქრისტინ ლაგარდმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რომ სწრაფად შეთანხმდნენ ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ ეკონომიკის აღდგენის გეგმას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება 750 მლრდ ევროს ანტიკრიზისული ფონდი.