დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული გაფრთხილების მეოთხე დონე ერთი საფეხურით შეამცირეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული გაფრთხილების მეოთხე დონე მესამემდე შემცირდა, - ამის შესახებ ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამედიცინო სამსახურების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, მესამე დონე ნიშნავს, რომ ვირუსის ზოგადი გავრცელება კვლავ ხდება, მეოთხე დონე კი იმაზე მიანიშნებს, რომ გავრცელების დონე მაღალია და მატულობს.

„შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა, ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ ხდება. საზოგადოების დახმარებით ჩვენ ვირუსთან ბრძოლაში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, ამ პროგრესის შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ საზოგადოებამ გაიდლაინების შესრულება გააგრძელოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, პანდემიის გავრცელების დღიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 300 469 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 42 000-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია.