მთიან აჭარაში ახალი, სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება იგეგმება. გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან დააკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის.
ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟებას, მარშრუტის რუკის მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას, ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს. წელსვე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით ასევე, იგეგმება ინფოტური გიდებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები. ულამაზესი კინტრიშის ხეობა ისტორიულად გამორჩეული ადგილია, რომელიც საქარავნე გზებით აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს უკავშირდებოდა. სწორედ, მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელ ერთ-ერთ ასეთ ბილიკს, რომელიც აჭარა-გურიის მთათა სისტემების ულამაზეს ხედებზე გადის, ტურისტულ დანიშნულებას მივცემთ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მოგზაურებს არ უწევთ ბილიკზე მოწყენა, რადგან მარშრუტი დატვირთულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ხიდებითა და ციხეებით. ამავდროულად, ბილიკი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება. ბილიკის 50 % კოლხური ტყით დაფარული ტერიტორიაა, დანარჩენი კი ალპური ზონაა ულამაზესი ხეობების ხედებითა და სოფლებით. სწორედ, მსგავსი თემატური მარშრუტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთ პროდუქტში გავაერთიანოთ ყველა ის ტურისტული ღირებულება, რაც აჭარას გააჩნია,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.
ამ ეტაპზე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მთიანაჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელიც ყველა კატეგორიისა და გემოვნების ტურისტზეა მორგებული. მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოგზაურობის მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.