ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა და KIU მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც 153 ჰექტარზეა გაშენებული მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
KIU წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამები ინგლისურ ენაზე იქნება შეთავაზებული და ლექციებს ჩაატარებენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის საშუალებითაც აბიტურიენტებს შეუძლიათ მოიპოვონ როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელი გრანტი.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით.