ქორწილებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მომუშავეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და მუსიკოსები აქციას მართავენ. ისინი კორონავირუსიის პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ ქორწილებისა და სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვას აპროტესტებენ, რაც მათი თქმით, შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.

როგორც „ინტერპრენიუსთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ჩოხელმა განაცხადა, მთავრობის ერთჯერადი დახმარება ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ მიიღო და ამრიგად, ისინი უფულოდ დარჩნენ.

„დღეს შევიკრიბეთ ის საზოგადოება, რომელიც ვემსახურებით ღონისძიებებს, ჩვენი სფერო არის სეზონური, აქედან გამომდინარე სახელმწიფომ არ მოგვცა საშუალება ამ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გავხსნილიყავით და გვემუშავა. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აანონსებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდება, ჩვენ შეიძლება კიდევ ერთი წლით უმუშევრები დავრჩეთ. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, რომ მოიხსნას რეგულაციები ღონისძიებებზე. კანცელარიას მივწერეთ წერილი, თუმცა პასუხი არ მიგვიღია და ამჟამად გადავედით აქციების ფორმატში. მოვითხოვთ, რომ ვიღაც გამოვიდეს, დაგველაპარაკოს და აგვიხსნას, რას ემსახურება ეს შეზღუდვა, როდესაც რესტორნები სავსეა და მხოლოდ ივენთებია აკრძალული. როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანმა მიიღო დაფინანსება, სამწუხაროდ მე არ მიმიღია. ეს ადამიანები საბუთობრივად თვითდასაქმებასაც ვერ ამტკიცებენ და ამ ერთჯერად დახმარებას ვერ იღებენ,” - განაცხადა ჩოხელმა.