„მოცვის ინდუსტრია შესაძლოა, მრავალი ფერმერის  შემოსავლის მთავარი წყარო გახდეს“

საქართველოში მოცვის მსხვილმა მწარმოებლებმა, ისეთებმა როგორიცაა: შპს Blue Valley, „ლურჯი მოცვი“, „აგროლაინი“, FCO, ასევე Agritouch, „მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია“ შექმნეს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ეკა ვეფხვაძემ EastFruit-თან საუბრისას განაცახადა, ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოცვის სექტორში ინდუსტრიული ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობაა.

„მოცვზე გლობალური მოთხოვნა დინამიურად იზრდება. თუ ყველაფერი სწრაფად განვითარდება, მოცვის ინდუსტრია შესაძლოა, მრავალი ფერმერის შემოსავლის მთავარი წყარო გახდეს და მნიშვნელოვანი როლი შესასრულოს საქართველოს ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ახალი ცოდნის და თანამედროვე პრაქტიკის დაუყოვნებლივ ათვისება და დანერგვა, რასაც სწორედ ეს ასოციაცია გააკეთებს.

მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც მსხვილი, ისე მცირე ფერმერები, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებული პირი.

ჩვენ მოვაწყობთ კონფერენციებსა და ტრენინგებს, სადაც მოვიწვევთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორის ბაზრის წამყვან სპეციალისტებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასოციაციაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მცირე ფერმერებს საუკეთესო ხარისხის პროდუქციის მოყვანასა და მათ რეალიზაციაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორგანიზაციის წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მთელი მისი ინტელექტუალური, თუ მატერიალური შესაძლებლობებით“,- განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, ასოციაცია ასევე დაიცავს მოცვის მწარმოებელთა ინტერესებს და პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ პროდუქტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამჟამად საქართველოში მოცვის აქტიური სეზონია. მწრამობლები მხოლოდ გურიის რეგიონიდან დაახლოებით, 250 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში კენკრის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი სულ უფრო იზრდება. კერძოდ, 2015 წელს მოცვის რეალაიზაციით მიღებულმმა შემოსავალმა 214,9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წელს - 474,8 ათასი აშშ დოლარი, 2017 წელს - 477, 1 ათასი აშშ დოლარი, 2018 წელს - 445,5 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, 2019 წელს - 984,7 ათასი აშშ დოლარი.

ნინი ქეთელაური