საქართველოში შესაძლოა, ტრიკოტაჟული ქსოვილების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ელსელმას“ დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანიასთან თანამშრომლობით თურქული მხარეა დაინტერესებული და დიდი ალბათობით, „ელსელემა“ პროფილს შეიცვლის.
შეგახსენებთ, რომ სამკერვალო საწარმო „ელსელემა" 1992 წელს თბილისში დაფუძნდა. 2017 წლის სექტემბერში კი კომპანიამ კიდევ ერთი საწარმო ლანჩხუთში გახსნა. კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.
შპს „ელსელემა“ აწარმოებს: სამხედრო და პოლიციის უნიფორმებს, სამუშაო ფორმებს, დაცვის უნიფორმებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს, ბუმბულის ქურთუკებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს და ნაქსოვ პროდუქციას როგორც კაცისა და ქალის, ასევე ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, „ელსელემამ" საექსპორტო პროდუქციაში შვეიცარიის პოლიციელებისთვის სპეც-დანიშნულების ქამრებიც დაამზადა
„ჩვენ სხვა მიმართულების აღება გვინდა. ვცდილობთ თურქეთთან ერთად ერთობლივი საწარმო გავაკეთოთ. მუშაობა უკვე მიმდინარეობს სურვილი გვაქვს, რომ ქსოვილების წარმოება დავიწყოთ, ხოლო ტენდერებს და სხვა შეკვეთებს თავი დავანებოთ.
შემოთავაზება თურქული მხარისგან წამოვიდა, რომ ვაწარმოოთ ტრიკოტაჟული ქსოვილი. ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ჩვენი პერსპექტივა. ჩვენ ადრეც გვინდოდა ქსოვილების წარმოება, რათა უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. ქსოვილები გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში“,-აცხადებს ელგუჯა მამასახლისი.
რაც შეეხება პანდემიით მიღებულ ზარალს, როგორც „ელსელემას“ დამფუძნებელი ამბობს, ძალიან დიდია, ამასთან, დღემდე არ გახსნილა ლანჩხუთის ფაბრიკა.
„რა თქმა უნდა, სერიოზული ზიანი მოგვაყენა კორონამ. გაჩერებულიც ვიყავით დიდი ხანი. წარმოების 80-90% გაჩერებული იყო. დღესაც კი არ გვაქვს გახსნილი ლანჩხუთის ფაბრიკა.
თანამშრომლების შემცირება არა, თუმცა მათი დროებით გაშვება მოგვიწია. ისე კი, ჩვენს დარგში მუშა ხელის იმხელა დეფიციტია, რომ თუ ვინმე მოვა, პირიქით, ვასწავლით და დავასაქმებთ კიდეც.
რაც შეეხება ექსპორტს, ესეც გაჩერებული გვაქვს“, - ამბობს ელგუჯა მამასახლისი.