აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების რეალიზაციის მიზნით, აუქციონი გამოაცხადა.
„საპარტნიორო ფონდის" ცნობით, აუქციონი სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების საქმისწარმოების ფარგლებში ტარდება, ამ წარმოებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მათივე ინფორმაციით, აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #77211BN4457520, აუქციონის #77211, ლოტის #44575.
აუქციონი 2020 წლის 29 ივნისს დასრულდება. სს „საპარტნიორო ფონდი“ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.
„სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე 326 ჰა მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.
შეგახსენებთ, რომ სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების საქმისწარმოება დაიწყო 2020 წლის მარტში და ამ წარმოების ფარგლებში, ფონდის მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიციიდან გამომდინარე, წარმოქმნილი მოთხოვნა მე-4 რიგის კრედიტორებში აისახა.
სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ ფონდის მე-4 რიგის მოთხოვნის გასხვისების მიზნით, 2019 წლის 26 დეკემბერს გაიმართა საჯარო აუქციონი დაინტერესებული პირების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების თანდასწრებით. საჯარო აუქციონში შპს „ეფკომ“ გაიმარჯვა.
იმ შემთხვევაში, თუ შპს „ეფკო“ გაიმარჯვებს სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების აუქციონში, 2019 წლის 26 დეკემბერს საჯარო აუქციონში გამარჯვებით შპს „ეფკოს“ სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების შეძენის დაფინანსების საშუალება მიეცემა. მითითებული დაფინანსება მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით 7 წლის განმავლობაში უნდა დაბრუნდეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.