ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. როგორც „საქნახშირიდან“ იუწყებიან, შახტებში კატეგორიულად იკრძალება არასანქცირებული გადაადგილება და ასევე, ნებისმიერი მექანიზმის არაკონტროლირებადი გამოყენება.
„ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტების თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.
შახტა რთული ინფრასტრუქტურული ობიექტია, სადაც ლოჯისტიკური ჯაჭვის მიხედვით, თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან, ხდება სხვადასხვა ტვირთისა და ქვა-ნახშირის გადაზიდვა. მოპოვების გარდა, შახტებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინვესტირებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები. შესაბამისად, გაზრდილია დატვირთვა. ნებისმიერი მცირე დარღვევა შესაძლოა გახდეს საავარიო სიტუაციის გამომწვევი. ამიტომ ხელმძღვანელობამ, თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს უსაფრთხოების წესების კიდევ უფრო გამკაცრება. კატეგორიულად იკრძალება არასანქცირებული გადაადგილება შახტებში, ასევე იკრძალება ნებისმიერი მექანიზმის არაკონტროლირებადი გამოყენება.
იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო სამუშო გარემოს უზრუნველყოფა კომპანია „საქნახშირის“ პრიორიტეტია, უსაფრთხოების წესების ნებისმიერი დამრღვევი კანონის ფარგლებში, მკაცრად დაისჯება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.