სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 205.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტანტის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 235.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 157.1 მლნ. აშშ დოლარი; ხოლო იმპორტი - 336,882 მლნ დოლარი იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მაისში რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით - 45,300 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიტანეთ, მას მოსდევს - ყურძნის ნატურალური ღვინოები, 43,418 მლნ დოლარით, ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-3 ადგილს იკავებს - მინერალური და მტკნარი წყლები, 17,705 მლნ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით იკავებენ. მათ ექსპორტმა შესაბამისად, 12,204 მლნ და 4,922 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. მისმა იმპორტმა 54,186 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს - ხორბალი და მესლინი, 39,320 მლნ დოლარით; მე-3 ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს, რომლის იმპორტმაც 20,665 მლნ დოლარი შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს მზესუმზირის ზეთი და სიმინდი იკავებენ, 15,486 მლნ და 11,424 მლნ დოლარით.