რა კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავის ხარისხს და როგორ შეუძლია რიგით მომხმარებელს მისი კონტროლი

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი მუდმივად საიმპორტო პროდუქციის სამეულში შედის.

ყოველწლიურად იზრდება ბენზინის მოხმარება და საზოგადოებაშიც მუდმივად მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი საწვავი, რამდენად ხარისხიანი საწვავი იყიდება საქართველოში და შეესაბამება თუ არა ეს ხარისხი არსებულ ფასს. რაც შეეხება ფასს, უკანასკნელ პერიოდში საწვავზე ფასის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში.

როგორ კონტროლდება საქართველოში საწვავის ხარისხი და რა სტანდარტებს აკმაყოფილებს ის – ამ და სხვა აქტუალური კითხვებით Socar Georgia Petroleum-ის დირექტორს ლევან გიორგაძეს მივმართეთ.

ზოგადად, როგორ შეაფასებთ საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული საწვავის ხარისხს?

ქართულ ბაზარზე საკმაოდ საინტერესო მადგომარეობაა ამ კუთხით. იმპორტირებული საწვავის აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი ხარისხისაა. ევრო 5 სტანდარტის ბენზინი ძირითადად ევროპიდან შემოდის, ასევეა დიზელიც. თუმცა საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქმენეთიდან ევრო 4 სტანდარტის დიზელიც შემოდის, რომელიც თავის კატეგორიაში ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

ქართულ ბაზარზე ხარისხის პრობლემას ქმნიან ე.წ. ადგილობრივი მწარმოებლები, გადამამუშავებელი ქარხნები. არის კონტრაბადის შემთხვევებიც, რომლის ხარისხიც სტანდარტებს ნაკლებად აკმაყოფილებს. თუმცა აღნიშნული შემთხვევები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ გამონაკლისების გარდა ყველა იმპორტიორს საქართველოში ხარიხიანი საწვავი შემოაქვს.

„სოკარი“ რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საწვავის იმპორტს?

ჩვენ გვაქვს 4 ტიპის საწვავი: ბენზინი რეგულარი, ბენზინი პრემიუმი, ევროდიზელი და ევრო 4 დიზელი, რომელსაც ჩვენ ნანოდიზელს ვუწოდებთ. პირველი სამი კატეგორიის საწვავი შემოდის ევროპიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის ქარხნებიდან. ევრო 4 დიზელი კი შემოდის აზერბაიჯანიდან.

ხარისხის კუთხით, რა განსხვავებაა რუმინულ და ბულგარულ საწვავს შორის და რა განსაზღვრავს იმას, თუ როდის რომელი ქვეყნიდან შემოიტანთ მას?

რუნიმულ და ბულგარულ საწვავს შორის ხარისხის კუთხით რეალურად განსხვავება არაა. ზოგადად, საწვავი ერთგვაროვანი პროდუქტია და მას, ასე ვთქვათ, ეროვნება არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან შემოიტან. პირობითად, კანადიდანაც რომ მოვინდომოთ შემოტანა, შემოვიტანთ, მაგრამ მისი ტრანსპორტირება ძვირი დაჯდება და გზაშიც გაფუჭდება. სწორედ ამიტომ ახლოს, მეზობლად მდებარე პორტებსა და ქარხნებზე ვაკეთებთ აქცენტს. სხვა ვარიანტი ლოგისტიკურად უბრალოდ წამგებიანია. შესაბამისად, საქართველოსთან ყველაზე ახლოს პორტები არის რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთში.

რაც შეეხება ხარისხის კუთხით სხვაობას, ის უბრალოდ არ არსებობს. ზოგადად, ევროპაში საწვავის ხარისხის რეგულაციები მკაცრად არის დაცული. მათ შორისაა, რუმინეთი და ბულგარეთიც.

ზოგადად, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავის ხარისხს?

ხარისხის განსაზღვრის პროცესში ჩართულია მთელი ჯაჭვი და ეს მხოლოდ ქარხანაში შეძენილი საწვავის ხარისხს არ ნიშნავს. აღნიშნული ჯაჭვი მოიცავს არაერთ რგოლს ქარხნიდან მომხმარებლის ავზამდე. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ხარისხით გამოვა ქარხნიდან, როგორ ჩამოიტან, როგორ დაასაწყობებ, როგორ მიიტან აგს–მდე. თუ არ მოხდა სუფთა რეზერვუარების ხმარება, რაც უნდა მაღალხარისიხანი საწვავი შეიძინოთ ქარხანაში, ის საგრძნობლად გაფუჭდება. ერთი და იგივე მილები და მანქანები არ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა საწვავის გადასაადგილებლად. შეიძლება ცარიელ რეზერვუარში ჩაასხა ბენზინი, მაგრამ თუ მასში მანამდე დიზელი იყო, კედლებზე დარჩენილმა დიზელიც კი გააფუჭებს ბენზინის ხარისხს. ამიტომ კატეგორიულად აკრძალულია საერთო რეზერვუარების გამოყენება. მნიშვნელოვანია სხვადასხვა მანქანების გამოყენება, რადგან არ ვიყოთ ვიღაცაზე დამოკიდებული, რამდენად კარგად გარეცხავს მანქანას თითოეული გამოყენების შემდეგ. მაგალითად, ჩვენ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად სხვადასხვა მანქანებს ვიყენებთ ბენზინისა და დიზელისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურული დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია.

აუცილებელია ლაბორატირიული ტესტების ხშირი გაკეთება. ეს უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ეტაპზე. პირველია სინჯი იმპორტის დროს, შემდეგ რეზერვუარში, ასევე სადგურზე მიტანის დროს. ამ გზით ვარკვევთ რომელიმე ეტაპზე ხომ არ გაფუჭდა საწვავი და თუ გაფუჭდა, მაშინ ჯაჭვის რომელ რგოლში მოხდა ეს. ამ ყველაფრის ერთობლიობა უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალ ხარისხს.

თავად მომხმარებელს როგორ შეუძლია გააკონტროლოს საწვავის ხარისხი გარდა იმისა, რომ უნდა ენდოს კომპანიას?

ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ხშირად ამბობენ, რომ ერთმა კონკრეტულმა საწვავმა მეტი გაატარა ან ნაკლები, უკეთესი გაწევა ქონდა მანქანას. თუმცა მოკლევადაში ამის რეალური აღქმა მომხმარებლისთვის ძალიან რთულია.

მანქანას ეტყობა დაბალი და მაღალი ოქტანობის ანუ სხვადასხვა ტიპის ბენზინის ჩასხმა, მაგრამ რთულია ერთი და იმავე ტიპის საწვავის სხვადასხვა რეალიზატორთან ჩასხმის დროს სხვაობის შემჩნევა. სწორედ ოქტანობაა ის, რაც მომხმარებელს შეუძლია სწრაფად მიხვდეს, რადგან დაბალი ოქტანობის საწვავზე ძრავი ხმაურობს. აქ ორგვარი განვითარება შეიძლება იყოს. ერთი როცა განზრახ ასხამ დაბალი ოქტანობის (მაგალითად, რეგულარს პრემიუმის ნაცვლად) საწვავს და იცი ამის შესახებ. მეორეა, როდესაც რეალიზატორი გატყუებს საწვავის ოქტანობას. მაგალითად, ასხამ პრემიუმს, მაგრამ მისი ოქტანობა დაბალია და ძრავი ხმაურობს. ამ გზით მომხმარებელს მართლაც შეუძლია უხარისხო საწვავის ამოცნობა.

რაც შეეხება ოქტანობას, დროთა განმავლობაში საწვავის ოქტანობა იკლებს. ამიტომ არ შეიძლება ბენზინის დიდი ხნით გაჩერება. რაც უფრო მეტად ორთქლდება ბენზინი, მით მეტად მცირდება მისი ხარისხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გონივრული მარაგების გაკეთება და ასევე, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა, რომ არ მოხდეს საწვავის გაფუჭება.

საქართველოში ძირითადად ევრო 5 სტანდარტის საწვავი იყიდება. ეს სტანდარტი თუ საჭიროებს გაუმჯობესებას?

ეს არის ბაზრის ზოგადი მონაცემები და არა – ოფიციალური სტანდარტი. ამ სტანდარტის გამზომი ლაბორატორიებიც კი არ გვაქვს. უბრალოდ, ის ძირითადი კომპონენტები, რომელიც არის ევრო 5 სტანდარტში, მოითხოვება ჩვენთანაც. საერთო დონე კარგია, თუმცა უნდა მოხდეს გარკვეული მოთხოვნების დამატება. მაგალითად, უნდა განისაზღვროს ქიმიური დანამატების (მეთანოლი, ეთანოლი და სხვა) შემადგენლობა საწვავში. ისინი გამოიყენება საწვავზე ოქტანობის გასაზრდელად, მაგრამ მავნე ზემოქმედება აქვს ავტომობილსა და გარემოზე. ევროსტანდარტებში მისი მაქსიმუმია გაწერილი და ეს ვალდებულება ჩვენთანაც უნდა დაწესდეს. ეს არის მარტივი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც რეალიზატორმა ადგილზევე შეიძლება დაამატოს საწვავს ოქტანობის გასაზრდელად.

ამ მოთხოვნების დაწესება დაგვეხმარება სტანდარტის განსაზღვრაშიც და მის დაცვაშიც. მეორე მხრივ, თანაბარი კონკურენციის არსებობასაც შეუწყობს ხელს.

სხვა ძირითადი მოთხოვნები, მაგალითად, გოგირდის და ტყვიის შემცველობაზე ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებს.

დიზელის მიმართულებით ევრო 4 სტანდარტია სავალდებულო, რაც, ჩემი აზრით, რულიად საკმარისია. ევრო 5 სტანდარტზე გადასვლა ბევრს არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ პროდუქტი გაძვირდება.

ჰაერის დაბინძურებაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია. თავის მხრივ, რა არის გამონაბოლქვის მთავარი მიზეზი მოძველებული ავტოპარკი თუ საწვავის ხარისხი?

ზოგადად, საზოგადოებას მარტივი გამოსავალი უყვარდა. რეალურად კი ეს საკითხი ძალიან კომპლექსურია. დაბინძურების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მართლაც მანქანების გამონაბოლქვია. ხოლო ის, თუ როგორია გამონაბოლქვი, დამოკიდებულია საწვავზეც და მანქანების მდგომარეობაზეც. რეალურად, საქართველოში გაყიდული საწვავი ბევრად უფრო ხარისხიანია, ვიდრე საშუალო ავტოპარკი. ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების საშუალო ასაკი 15–16 წელია. ავტოპარკის 50% კი 20 წლის და უფრო ძველია. 20 წლის წინ არსებულ სტანდარტებს უკვე დიდი ხანია გავცდით. ძალიან ლოგიკურია ეს მონაცემები და ყველაფრის საწვავზე დაბრალება უბრალოდ არასამართლიანია. თბილისის ჰაერის დაბინძურებას მისი ჩავარდნილი მდებარეობაც უწყობს ხელს, რადგან არ ხდება ქალაქის ბუნებრივი განიავება სათანადოდ. პრობლემის შესამსუბუქებლად უნდა მოხდეს ავტოპარკის განახლება, რაც ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია.

რას ურჩევთ მომხმარებლებს საწვავის ხარისხის კუთხით, როგორ უნდა შეძლონ მისი გაკონტროლება?

ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხში ნებისმიერ პროდუქტზე არის სტაბილურობა. მომხმარებელი უნდა ენდოს კომპანიას, რომელიც აქცენტს აკეთებს სტაბილურობაზე. ქსელურ კომპანიებს მართლაც დიდი სტიმული აქვთ ხარისხის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ არაბრენდულ აგს-თან მომხმარებელს მეტი სიფრთხილე მართებს. ისინი ფასით ცდილობენ, მომხმარებლების მოზიდვას. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ხარისხი და ფასი თანაბრად მნიშვნელოვანია, ქსელურ კომპანიებს შორის აკეთებენ არჩევანს. ჩვენ გვაქვს ლოიალობის ბარათი, რომლითაც ფასი მეტად ხელმისაწვდომი ხდება და თითქმის უთანაბრდება არაბრენდული კომპანიების ფასს. თუმცა მომხმარებელს სტაბილურად მაღალ ხარისხს ვთავაზობთ.