გიორგი ბოტკოველი - 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, საფერავის ღირებულებამ კი 3 ლარი შეადგინოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური იყოს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იუწყებიან.

მისი განცხადებით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო საფერავის ღირებულებამ 3 ლარი შეადგინოს.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთა, რომ წელს კახელი გლეხი ყურძენზე სუპერ ფასს არ უნდა ელოდოს. იმ პირობებში, როცა შესაძლებელია მინისტრებს და სხვა მაღალჩინოსნებს მაღალი ხელფასები ჰქონდეთ, როცა ადიკო ივანიშვილი ღებულობს სუპერ შემოსავალს იმ ყურძნისგან, რომელსაც კაპიკებში იბარებენ კახელი გლეხისგან, თურმე შეუძლებელია გლეხმა მიიღოს მისი ჯაფის შესაბამისი ანაზღაურება. 2012 წელს, კახეთში, 1 კგ ყურძენი 1 ლარი ღირდა, მისი მსყიდველუნარიანობა შეადგენდა 59 ამერიკულ ცენტს, 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა ქარხნებს, რომ მათ 70 თეთრზე მეტი არ უნდა გადაეხადათ ყურძენში. ეს არის 23 ამერიკული ცენტი. ამით შეგიძლიათ შეაფასოთ ამ თანხას რა მსყიდველუნარიანობა აქვს.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ გლეხს 1 კგ თეთრ ყურძენში მინიმუმ 1.50 ლარი უნდა გადაუხადონ, ეს იქნება მის მიერ გაწეულ ჯაფასთან მიახლოებული თანხა. საფერავის ფასი კი 3 ლარით უნდა განისაზღვროს. ჩვენ, კახეთსა და ყველა რეგიონში, სადაც ყურძნის მოსავალია, ვაწარმოებთ კამპანიას, ვაიძულოთ ხელისუფლება, გადაუხადონ ის ფასი, რისი პირობაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გასცა”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.