რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი შემცირდა

რუსული ხორბლის ექსპორტის ფასებმა გასულ კვირას მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. გლობალურ ბაზრებზე ფასის შემცირების ძირითადი მიზეზი ახალი მოსავლის აღების თარიღის მოახლოება გახდა. როგორც Reuters-ი წერს, ხორბლის აღება უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

SovEcon-ის (აგრარული ბაზრის ანალიტიკური ცენტრი რუსეთში) თანახმად, გასულ კვირას იმ ხორბლის ფასი, რომელიც 12,5%-იან პროტეინს შეიცავს, ტონაზე 3 დოლარით შემცირდა და ნოვოროსიისკის ბორტზე 202 დოლარი შეადგინა. IKAR-ის პროგნოზით კი აგვისტოსთვის ფასები ტონაზე 199 აშშ დოლარამდე დაიწევს.

2019-20 წლების სეზონზე, 19 ივნისის მონაცემებით რუსეთიდან მოხდა 35,7 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი, რაც 15%-ით ნაკლებია წინა სეზონთან შედარებით. ამ სეზონზე ექსპორტირებული იქნება 30,4 მილიონი ტონა ხორბალი, 2,8 მილიონი ტონა ქერი, 2,46 მილიონი ტონა სიმინდი.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ფასების პარალელურად, შემცირდა ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზეც. აქ კლებამ საშუალოდ 2-3 დოლარი შეადგინა ტონაზე.

ცნობისათვის, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-მაისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 175,045 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 39,320 მლნ დოლარის ღირებულების.