„დოიჩე ბანკის“ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, ინვესტორები ამერიკულ დოლარს, როგორც სარეზერვო ვალუტას, ზურგს შეაქცევენ. ასეთი ვარაუდი, CNBC-სთან საუბრისას, გერმანული ბანკის ანალიტიკოსმა სამირ გოელმა გამოთქვა.
პანდემიის პირველი ტალღისას, დოლარზე, როგორც სარეზერვო აქტივზე, ცენტრალური ბანკების მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მაგრამ გოელი თვლის, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში, საპირისპირო რამაა მოსალოდნელი, რა დროსაც დოლარზე მოთხოვნა დაიკლებს.
გოელი განმარტავს, რომ დიდი კრიზისების დროს, როცა ბაზარზე გაურკვევლობა მატულობს, დოლარზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე, მოთხოვნა იზრდება. პარალელურად, კლებულობს მოთხოვნა ეგრეთ წოდებულ რისკულ აქტივებზე, როგორებსაც ევრო და სტერლინგი მიეკუთვნება.
ანალიტიკოსი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პანდემიური კარანტინიდან გამოსვლის პროცესი ევროპაში უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე შეერთებულ შტატებში, რამაც შესაძლოა, ევროზონაში ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენა გამოიწვიოს. ეს კი დოლართან წყვილში ევროს უფრო სწრაფ გამყარებას გამოიწვევს.