მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებას საქმიანობის უფლება იქამდე ჩამოერთმევა, ვიდრე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს. პროექტის მიხედვით, საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
წარმოდგენილი ცვლილებებით, იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმების სიხშირე. კერძოდ, თუკი კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია ასეთ შემოქმებას წელიწადში ერთხელ გულისხმობს, კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება, შერჩევითი კონტროლით, განხორციელდება საჭიროებისამებრ, წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.
ამასთან, ცვლილებების პროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, განახორციელებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოსთან, რომლის ფორმასა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საქმიანობას დაიწყებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ იქნება, მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს ანგარიშგება.
ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება მაკონტროლებელ ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის წესდება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.