ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოება 15 000-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოება 15 000-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის თანახმად, უნებართვო სამედიცინო საქმიანობაზე დაწესებული ჯარიმა არანაკლებ 15 000 ლარისა და არაუმეტეს 30 000 ლარისა იქნება. ამჟამად მოქმედი კანონი კი აღნიშნულ ქმედებაზე 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

რაც შეეხება ლიცენზიის გარეშე სამედიცინო საქმიანობას, ამ შემთხვევაში ჯარიმა 7 000 -დან 15 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად 5 000 ლარისა. სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს არანაკლებ 7000 ლარისა და არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ასევე იზრდება ჯარიმა სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში, 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გათვალისწინებული იქნება 2 000-დან 3 000 ლარამდე ოდენობის სანქცია.

კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 2000 ლარისა და არა უმეტეს 5000 ლარისა. ამჟამად მოქმედი კანონით კი ასეთ დროს დაწესებული ჯარიმის ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს.

სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ორმაგი ოდენობით - 2 000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი დაისჯება 4000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა 500 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტით, მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმა უკანონო სააღმზრდელო საქმიანობის შემთხვევაშიც. კერძოდ, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე სააღმზრდელო საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 3 000 ლარისა.

სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.