ნათია თურნავა - აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც სამთო მომპოვებელ სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება

აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში, კერძოდ, მოახდენს ჩვენი მინერალური რესურსის, ჩვენი წიაღისეულის დეტალურ აღწერას - მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ-ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ-დან , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, აშშ-ს ელჩმა საქართველოში დაადასტურა რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.