თბილისისა და სხვა ქალაქების შემოგარენში შესაძლოა, საკემპინგო ადგილები მოეწყოს

კომპანია „არსის“ ინიციატივა თბილისისა და სხვა ქალაქების შემოგარენში საკემპინგო ადგილების განვითარებით შიდა ტურიზმის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ "არსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც იდეის ავტორები განმარტავენ, კემპინგის ხელშეწყობა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს შიდა ტურიზმს, ახალგაზრდებს გართობისა და დასვენების კარგ შესაძლებლობას შეუქმნის და, ასევე, ბიძგი იქნება მოქალაქეებისთვის, წამოიწყონ პატარ-პატარა ბიზნესები და საკუთარი შემოსავლის წყარო გაზარდონ.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ინიციატივა უკვე რამდენიმე წელია, არსებობს და მუშავდება, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მისი განხორციელება კიდევ უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნება.

მისივე თქმით, თბილისის პარკებში, საღამოობით მოსახლეობის შეკრებები ნიშნავს, რომ მსგავს სივრცეებზე დიდი მოთხოვნაა როგორც ახალგაზრდებში, ისე უფროსი თაობის საზოგადოებაში. კემპინგი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაციისა და რეკრეაციის თვალსაზრისით.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა საზღვარგარეთ დასვენების საშუალება შეზღუდულია, საჭიროა, ადგილზე განვავითაროთ რეკრეაციისა და გართობის შესაძლებლობები. ინიციატივა ზუსტად ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ შიდა ტურიზმი უნდა გავააქტიუროთ. ვფიქრობთ, ქვეყანაში და, პირველ რიგში, თბილისის შემოგარენში საკემპინგო ადგილების ქსელის განვითარებით ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამას არ სჭირდება დიდი დრო და ფინანსები. მარტივად, რამდენიმე დღეში შეიძლება სივრცეების მოწყობა და დასვენებისთვის საუკეთესო ლოკაციების შექმნა“, - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

„არსის" ინფორმაციით, იდეის რეალიზაციის შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე დღით დალაშქრონ ერთი ან რამდენიმე გადაბმული საკემპინგო ლოკაცია, დაკავდნენ სპორტით, იცურაონ მდინარეში, გაირუჯონ, მოაწყონ სხვადასხვა კონკურსი და შეჯიბრება, მოუსმინონ მუსიკას, იცეკვონ, ითამაშონ სხვადასხვა სახის თამაშები და ა.შ.

„ჩვენ გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოქალაქეებს, დაისვენონ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს უნიკალური ლანდშაფტი აქვს და შესაძლებელია უამრავი ადგილის შერჩევა, სადაც, დაახლოებით, 10-12 კარვის დასადგმელად მოედანი მოსწორდება, გაკეთდება კოცონის დასანთები ადგილი, სპორტული მოედანი, სველი წერტილები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. იდეის განხორციელება ახლავე შეიძლება და ამას არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი. დარწმუნებული ვარ, იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ახალგაზრდები სიამოვნებით ჩაერთვებიან ამ პროექტში და თავისივე ხელით ააწყობენ ყველაფერს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, რომ საპილოტე პროექტს ჩვენი რესურსებიც მოვახმაროთ. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია გარკვეული პატრონაჟი, რომ ეს სისტემურად განხორციელდეს და რაიმე სახის გვერდითი ეფექტები არ გამოიწვიოს, დაინიშნოს ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები, მოეწყოს სამედიცინო დახმარების საველე პუნქტები და აშ.“ - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ, შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეთ, საშუალება ექნებათ, კემპინგის ტერიტორიაზე წამოიწყონ პატარ-პატარა საქმიანობები, მაგალითად, გააქირაონ კარვები, ველოსიპედები, ცხენები, შეზლონგები, ჩაატარონ ისტორიული ექსკურსები თუ გაუწიონ მოლაშქრეებს გიდობა. ეს ყოველივე შიდა ტურიზმს მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს და რამდენიმე სასარგებლო საქმე სწრაფად და მარტივად, თითქმის თავისთავად გაკეთდება.

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია „არსი“ მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ მიიღოს მონაწილეობაამ იდეის განხორციელებაში და გააკეთოს კემპინგისთვის შერჩეული ადგილების გეგმები. განსაზღვროს და სქემებად აქციოს იდეები, სად განთავსდება კარვები, საცეკვაო სცენა, სპორტული მოედანი, სველი წერტილები და ა.შ.

ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ინიციატივის განხორციელებისთვის ახლა ყველაზე კარგი დროა, მუშაობის დაწყება კი უახლოეს დღეებშივეა შესაძლებელი.

„ამას სჭირდება ორგანიზება და პასუხისმგებელი უწყებების მხარდაჭერა. თავად სამუშაოებს არ სჭირდება დიდი რესურსი და დრო. ჩვენ შეგვიძლია ამაში დავეხმაროთ, შესაძლებელია ეს თავად ტურიზმის ადმინისტრაციამ და სახელმწიფომ გააკეთოს, ჩვენ გარეშე. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, მივესალმებით ასეთ პროექტს და იმედი გვაქვს, ის, ახალგაზრდების ჩართულობით, ძალიან მალე განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

იდეის ავტორების განმარტებით, იმის მიხედვით, რამდენად წარმატებული გამოვა პირველი კემპინგი, შესაძლებელია, მსგავსი ლოკაციები არა მარტო თბილისის შემოგარენში, არამედ სხვა ქალაქებთანაც და შემდგომში მთელ ქვეყანაშიც გაკეთდეს.