ისეთ პატარა ქვეყნებსაც კი, როგორიც საქართველოა, რომელსაც შეზღუდული რესურსები აქვს, შეუძლია უკეთესი ენერგოეფექტურობის მიღწევა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე ნაკლებად დაწინაურებული ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ პროგრესი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ამასთანავე, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა სახელმწიფოები დღეს დიდი კრიზისის წინაშე დგანან, თუმცა ამავდროულად დიდი შესაძლებლობების პერიოდშიც არიან, თუ იციან როგორც გამოიყენონ ეს შესაძლებლობები.
„ვფიქრობთ რა, იმ გზებზე თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რამდენიმე საკვანძო მესიჯი მაქვს, რომელთა თქვენთვის გაზიარება მსურს - პირველ რიგში, ის მოითხოვს ლიდერობის ძლიერ ვალდებულებასა და ერთობლივ ქმედებას პროგრესის მიღწევისთვის. ისეთ პატარა ქვეყნებსაც კი, როგორიც საქართველოა, რომელსაც შეზღუდული რესურსები აქვს, შეუძლია უკეთესი ენერგოეფექტურობის მიღწევა თუ ცხადი და ცალსახა ხედვა და სისტემური ქმედება იარსებებს. ქვეყნებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგია აღარ უნდა იყოს ურთიერთგამომრიცხავი. ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე ნაკლებად დაწინაურებული ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ პროგრესი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამასთანავე, მწვანე პოლიტიკის სტიმულირება უნდა მოვახდინოთ. ენერგოეფექტურობა ნამდვილად შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი მექანიზმი უთანასწორობისა და სიღარიბის შემცირების პროცესში. მას, ამასთანავე, შეუძლია დასაქმების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება. მდგრადი ზრდა არჩევანი აღარაა, ეს ახლა ჩვენი აუცილებლობაა და მხოლოდ მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის გზით შეგვიძლია უფრო სუფთა და უსაფრთხო ენერგეტიკის სისტემის მშენებლობის მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ, როგორც მთავრობამ, პროცესები სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ. უნდა ვიყოთ პროაქტიურები და კრეატიულები, რადგან ჩვენ მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ჩამოაყალიბებს ეკონომიკასა და ენერგეტიკის სექტორს მომავალი მრავალი ათწლეულის განმავლობაში და მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს კლიმატის ცვლილების მიზნებზე. ჩვენ ვართ დიდი კრიზისის პერიოდში, მაგრამ ასევე ვართ დიდი შესაძლებლობები პერიოდში თუ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ისინი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.