Apple Mac-ში საკუთარი წარმოების ჩიპებს გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
Apple-ში აცხადებენ, რომ Mac-ის პირველი კომპიუტერი საკუთარი წარმოების პროცესორით უკვე წელს იქნება მზად.
ამრიგად, iPhone- ის მწარმოებელი ასრულებს თითქმის 15-წლიან პარტნიორობას Intel Corp-თან, რომლისგანაც Apple ფლაგმანური ლაპტოპებისა და კომპიუტერებისთვის პროცესორებს ყიდულობდა.
Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებით, ეს ნაბიჯი კომპანიისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია.
როგორც ჩანს, iPhone-ს და iPad-ის შემდეგ ჯერი Mac კომპიუტერებზე დადგა. iPhone და iPad-ი Apple-ს პროცესორებს უკვე იყენებენ. კუკის თქმით, Apple ელოდება, რომ Mac-ის ახალ პროცესორებზე გადასვლას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, მაგრამ Intel-ზე დაფუძნებული კომპიუტერების მხარდაჭერა „მრავალი წლის განმავლობაში“ გაგრძელდება.