უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ კომპანია "აკას" პარტნიორებს შორის 12-წლიანი სამართალწარმოება დაასრულა

2020 წლის 15 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაასრულა კომპანია "აკას" პარტნიორებს შორის მიმდინარე 12-წლიანი სამოქალაქო სამართალწარმოება.

გახმაურებული და რეზონანსული დავის ფარგლებში ყოფილი აქციონერი დავით ძოწენიძე კომპანიის 20%-იან წილში აღდგენას მოითხოვდა. როგორც კომპანია "აკას " წარმომადგენელმა, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, შპს "აკა" და მისი პარტნიორები, ლუიზა თავართქილაძე, მაკა და სალომე ასათიანები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

"2020 წლის 15 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ახლად დაკომპლექტებული მოსამართლეთა შემადგენლობით დაასრულა კომპანია "აკას" პარტნიორებს შორის მიმდინარე 12-წლიანი დავა. საქმეზე სამართლიანობამ იზეიმა, აღდგა მართლაც ისტორიული სამართლიანობა და სწორი მართლმსაჯულება აღსრულდა. კერძოდ, კომპანია "აკა"-ში მიმდინარე დავის ფარგლებში, ყოფილი პარტნიორის, დავით ძოწენიძის უსაფუძვლოდ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მისი დაუსაბუთებელი მოთხოვნა 20%-იან წილში აღდგენასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჯერ კიდევ 1996 წელს აღნიშნულმა პიროვნებამ თავისი ნებით დატოვა კომპანია და შემდეგ უკვე დაიწყო უსაფუძლოდ საქმის წარმოება. საბოლოოდ, სასამართლოს 12 წელი დასჭირდა ამ ისტორიული დავის დასრულებისთვის. კომპანია "აკა" მიესალმება და მოხარულია, რომ მიუხედავად ოპონენტის არაერთი მცდელობისა, ზეწოლა მოეხდინა სასამართლოზე, საქმის მიმდინარეობაზე, სასამართლოს ახლად დაკომპლექტებულმა შემადგენლობამ ყოველგვარ ზეწოლას გაუძლო და მართლაც ამ რეზონანსულ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე უტყუარი მტკიცებულებით, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ოპონენტმა თავისი ხელმოწერით თავად დატოვა კომპანია, როგორც პარტნიორმა. შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კომპანიიდან გაირიცხა ან მისი ნება არ იყო, ამ ყველა კითხვას ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცა. ეს მისი ნება იყო და არავის გაურიცხავს", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ სამართალწარმოებას დიდი საერთაშორისო რეზონანსი ახლდა თან იმის გათვალისწინებით, რომ შპს "აკა-მერსედეს-ბენცი საქართველო" წარმოადგენს გერმანული ავტოგიგანტის "დაიმლერის" ერთადერთ გენერალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

(R)