ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, რათა გავიაროთ თითოეული პრობლემა და საკითხი, რაც მათ წინაშე შეიძლება დადგეს, გადავწყვიტოთ ყველაფერი ისე, რომ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია გვქონდეს მომავალში, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტატისტიკურ მაჩვენებელს 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია - 2020 წლის I კვარტალის მონაცემით ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ-დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური პანდემიის მიუხედავად გაიზარდა. ესაა კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდებით ინვესტორებს აშშ - დან, გვაქვს რა მიზნად, რომ გავზარდოთ ინვესტიციები ამ ქვეყნიდან. დღეს საქართველოში 300 - მდე ამერიკული კომპანია საქმიანობს. 2020 წლის პირველ კვარტალში, ამერიკული ინვესტიციები განხორციელდა კავშირგამბულობაში, ენერგეტიკაში, დეველოპმენტში, ტურიზმსა და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.