დიდ ბრიტანეთში როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის ლუდის ბარები და რესტორნები 4 ივლისიდან გაიხსნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომელმაც ქვეყნის პარლამენტს შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა წარუდგინა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 4 ივლისიდან დიდ ბრიტანეთში სასტუმროები, სასაუზმეები, საპარიკმახეროები, სათამაშო მოედნები, მუზეუმები, გალერეები, თემატური პარკები, ღია სპორტული დარბაზები, პასაჟები, ბიბლიოთეკები, სოციალური კლუბები და საზოგადოებრივი ცენტრები იხსნება.
ბორის ჯონსონის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება ღამის კლუბების, სპა ცენტრების, დახურული სათამაშო მოედნების, ბოულინგის დარბაზების, დახურული სპორტული დარბაზების, ფრჩხილის სალონების, საცურაო აუზებისა და წყლის პარკების გახსნა.
გარდა ამისა, 4 ივლისიდან ქვეყანაში მოქალაქეებისთვის დაწესებული 2-მეტრიანი დისტანცირების ნორმა 1 მეტრამდე მცირდება.
ბორის ჯონსონმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად სიფრთხილე გამოიჩინონ და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.
„ყველა ეტაპზე ჩვენს მთავარ სიტყვად რჩება სიფრთხილე, ყოველი ეტაპი პირობითი და შექცევადია,”- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 305 289 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 42 647 ადამიანი.