დიდუბის ბაზრის ხელმძღვანელი, ზაზა ნაჭყებია ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მეტრო „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზაზა ნაჭყებია აცხადებს, ქალი ბაზარში 4 დღეა არ გამოჩენილა და ქალაქგარეთ, სავარაუდოდ, დასაფლავებაზე იყო წასული. ამასთან, ბაზარი ჯერ კიდევ არ დაკეტილა და მუშაობას განაგრძობს.
„მუშაობდა ჩვენთან და 4 დღეა ბაზარში არ გამოჩენილა. ის ბაზრის ტერიტორიიდან არ გადაუყვანიათ. თუ ჩვენი ბაზრიდან მოხდა დაინფიცირება, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იზოლაცია. თუმცა, ყოველდღიურად უტარდებათ ჩვენს თანამშრომლებს თერმოსკრინინგი და კეთდება დეზინფექცია“, - განაცხადა დიდუბის ბაზრის ხელმძღვანელმა ზაზა ნაჭყებიამ.
ცნობისთვის, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.