„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძისა მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ანზორ ბოლქვაძე 12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე. კერძოდ, მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით; 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია; დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს.
„ ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი,”-აღნიშნულია კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, დეპუტატის ეკონომიკური საქმიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ ანზორ ბოლქვაძე არ გამოირჩევა აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობით (დეპუტატობის 12 წლის მანძილზე ბოლქვაძემ პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. 5-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო ინიციატივის ავტორი - ერთი დამოუკიდებლად, მეორე კი სხვა დეპუტატებთან ერთად მოამზადა, დანარჩენი 3 წარდგენილი დოკუმენტი აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობის გარემოს დაცვის სამმართველოსა და ბათუმის მერიაში მომზადდა).
„ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს, რითაც ათწლეულია სარგებლობს სხვადასხვა მაჟორიტარი - ისინი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობენ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რაც ხშირად სრულდება მათი ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმებითა და მათთან დაკავშირებული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით. საბოლოოდ კი საზოგადოება შედეგად იღებს კორუფციის გაზრდილ რისკებსა და ნაკლოვან საჯარო მმართველობას”-აღნიშნულია კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „აისის”, “ქედესა” და „გიგა 2015”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა. ასევე, საჯარო სამსახურის ბიურომ, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.