დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაახლოებით 3კმ-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია მთლიანად.
„მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ველობილიკების მოწყობა, ასევე ტროტუარების, მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთება ხდება ბუნებრივი ქვებით, მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაცია, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ძალიან ლამაზი და მაგარი პროექტი გამოვა, როდესაც დამთავრდება სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები, ახალი ხე-მცენარეების განთავსება ხდება იმ თარგებში, რომელიც იქნა გაკეთებული. ბოლო სამუშაოები იქნება დახაზვები. გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმიტომ, რომ 4-5 დღეა, რაც ასფალტის ბოლო ფენა იქნა დაგებული და გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ დახაზვითი სამუშაოები განხორციელდეს. ბოლოს იქნება ახალი განათების ბოძები, თავისი ლედ სანათებით. ამ პროექტის ფარგლებში, ორი სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდა ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში ესეც დამთავრებული იქნება. ყველანაირად მოწესრიგებული, ლამაზი და ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა საერთო ჯამში“, - განაცხადა კალაძემ.