Volkswagen-ი მანქანის დაქირავების კომპანიის Europcar Mobility Group-ის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოდ, ეს გარიგება საშუალებას მისცემს მწარმოებელს ფულის გამომუშავება უკვე წარმოებულ ავტომობილებზე მოახდინოს.
სააგენტოს წყაროების თანახმად, Volkswagen-მა გამოთქვა ინტერესი, მოხდე კომპანიის აქტივის კომპლექსური შემოწმება და აქტივების შეფასება. ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, გარიგებაზე ჯერ მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს და ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. რამდენადაც გასათვალისწინებელია, თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ Europcar-ზე.
Reuters-ის ცნობით, Europcar-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 390 მილიონი ევროა (441 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მარტის ბოლოს წმინდა დავალიანებამ 1 მილიარდ ევროზე მეტს მიაღწია (1.1 მილიარდი დოლარი). სააგენტო წერს, რომ Europcar-ს შეძენის სურვილი არაერთმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ ასევე გამოთქვა, მათ შორისაა, აქტივების მართვის კომპანია Apollo Global Management Inc.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლამდე Europcar-ი Volkswagen-ის საკუთრებაში იყო. 2006 წელს კი ავტომწარმოებელმა გაქირავების კომპანია გაყიდა. დღეს კი, თუ ახალი გარიგება შედგა, Volkswagen-ს საშუალება მიეცემა, რომ კომპანია უკან დაიბრუნოს.
Europcar-ი დაარსდა 1949 წელს პარიზში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგს როგორც მსუბუქი და კომერციული ავტომობილების, ასევე სკუტერების გაქირავება /„შეარინგის“ მიმართულებით. Europcar ემსახურება 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 135 ქვეყანაში, 4 000-მდე ლოკაციაზე. Europcar-ის ჯგუფი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: GoldCar, InterRent, Fox Rent a Car, Scooty, Ubeeqo და სხვა.
2020 წლის 1-ლი ივნისიდან ქართული Tegeta Rent a Car-ი გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.