„არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები კორპუსების თუ სხვადასხვა ოფისების მშენებლობებს შეეწიროს"

არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები შეეწიროს კორპუსების თუ სხვადასხვა ოფისების მშენებლობებს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განვითარდნენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას თბილისში.

კალაძის განცხადებით, რეკრეაციული სივრცეების მოსაწყობად ბევრი პროექტი განხორციელდა და ეს პროცესი გაგრძელდება.

„მე არ შემიძლია არ ვისაუბრო რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე და მგონი, ყველა ხედავს ჩვენს მიდგომსა და დამოკიდებულებას, თუ რამდენი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არის გამგეობების მხრიდან სკვერების რეაბილიტაცია, არსებული პარკების განახლება-მოწესრიგება, ახალი პარკების მშენებლობის დაწყების პროექტების შექმნა იმისთვის, რომ შევძლოთ და მომავალში განვახორციელოთ საქალაქო დონის პარკების მშენებლობა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას დედაქალაქში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება და შესაძლებლობა, დაისვენონ სასიამოვნო, მწვანე გარემოში შვილებითა და შვილიშვილებით“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო პროექტები სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ განხორციელდება.

„ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების ხარჯზე, როდესაც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობების განხორციელება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ვერ და არ მოხდება. არ დავუშვებთ იმას, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები შეეწიროს კორპუსების მშენებლობას თუ სხვადასხვა ოფისების მშენებლობებს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განვითარდნენ და განახორციელონ პროექტები, რომელიც დაგეგმილი აქვთ, მაგრამ ეს არ მოხდება სპორტული და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე“,- განაცხადა კალაძემ.