ირაკლი კოვზანაძის გაცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული

დღეს, პარლამენტში, პლენარულ სესიაზე 2020 წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში პარლამენტის მთელი რიგი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.

„სახელმწიფო 2020 წელს დახარჯავს თითქმის 16 მილიარდ ლარს. არსებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ პანდემიის პირობებში არსებული პრობლემების დასაძლევად. გარდა ამისა, შენარჩუნებულია ვალდებულებები, რაც ჩვენ გვქონდა პირველი ივლისიდან პენსიების ზრდასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მთავრობის მხრიდან ის შენიშვნები, რაც პარლამენტს ჰქონდა. იცით, რომ ვალი მნიშვნელოვნად იზრდება და კომიტეტმა მოითხოვა, მთავრობას წარმოედგინა ვალების მდგრადობის ანალიზი და კორექტირებულ ვერსიას ეს ახლავს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში თითქმის 54-55 პროცენტს აღწევს და ამ ვერსიაში მოცემულია სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე ვერსიები, თუ როგორი იქნება ჩვენი ვალი. გარდა ამისა, გაფართოებულია წრე იმ ადამიანებისა, ვინც მიიღებენ დახმარებებს. ვფიქრობ, სესიაზე იქნება დისკუსია და საბოლოო ჯამში უმრავლესობა მხარს დაუჭერს,"- განაცხადა კოვზანაძემ.