გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია

ნაწილი ამბობს, რომ ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებზეა ორიენტირებული. თუ ლოგიკას დავუქვემდებარებთ, თუ არჩევნებზეა ორიენტირებული, მაშინ ის მაქსიმალურად ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ოპოზიციის კრიტიკას ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია.

"ბევრი აბსურდული ბრალდება გავიგე ამ ბიუჯეტთან მიმართებაში. ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც სრულად არის ასახული 3.4 მილიარდი ლარის ოდენობით საფინანსო რესურსი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო. ეს არის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 6 პროცენტზე მეტი. ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ დღევანდელ სიტუაციას, არამედ მზად არის უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დააფინანსოს ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები. ამიტომ ვფიქრობ, პარლამენტის უმრავლესობა დაუჭერს მას მხარს," - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, პლენარულ სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს განიხილავენ.