„ლურჯ მოცვზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ თითო ბაღთან რამდენიმე მყიდველი დგას“ - როგორია პროდუქტის ღირებულება

„ლურჯ მოცვზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ თითო ბაღთან რამდენიმე მყიდველი დგას“, - ამისი შესახებ „მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია Agritouch-ის დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა, ცნობადობის ამაღლებამ, კერძოდ, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია.

რაც შეეხება მის ღირებულებას, როგორც ეკატერინე ვეფხვაძე ამბობს, წელს 1 კგ ლურჯი მოცვი დაახლოებით, 20-25 ლარი ღირს.

„მოცვის მოსავალის აღება ერთიანად არ ხდება. ყველა პლანტაციაში სხვადასხვა ჯიშია, ზოგი ნაადრევი, ზოგი საგვიანო და ა. შ. როგორც კი კონკრეტული სახეობა იკრიფება, სინქრონულად გადის ექსპორტზე. მთლიანად ეს პროცესი სრულდება ივლისის პირველ კვირაში.

წელს ძირითადი საექპორტო ბაზრებია რუსეთი და როგორც ვიცი, ევროპა. რაც შეეხება ყატარს და დუბაის, წელს ექსპორტი არ გვქონია, რადგან საჰაერო მიმოსვლა დაშვებული არ არის. ტრანსპორტირება ხდება საჰაერო (სამგზავრო თვითმფრინავებით) და სახმელეთო გზით.

საერთო ჯამში, წელს დაახლოებთ, 250-300 ტონა მოსავალს ველოდებით.

ლუჯი მოცვი ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია როგორც ქსელებში, ისე ე.წ კუთხის მაღაზიებში, სადაც ხილ-ბოსტნეული იყიდება. წელს მისი ღრებულება დაახლოებით, 20-25 ლარს შეადგენს. ხშირად აინტერესებთ, რატომ არის ეს პროდუქტი ასეთი ძვირი, მაგრამ თვითონ წარმოებაც საკმაოდ დიდ თანხებს და ივესტიციებს უკავშირდება“,-ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.

როგორც „მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, მსოფლიოში პროდუქტის მიმართ დამოკიდებულების და მოთხოვნის გათვალისწინებით, მოცვი შესაძლოა, ქართული ეკონომიკისთვისაც ერთ-ერთ საუკეთესო პესპექტივად იქცეს.

„მსოფლიოში ლურჯ მოცვზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ახალი ბაღი შენდება. თვითონ მწარმოებელი ქვეყნებიც ძალიან ხშირად არიან იმპორტიორები. მაგალითად, პოლონეთი ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ ამავე დროს ევროპაში ერთ-ერთი დიდი იმპორტიორია, მოთხოვნიდან გამომდინარე. ამასთან, შედარებით გვიან იღებენ მოსავალს. ანალოგიური ვითარებაა აშშ-ში, რომელიც ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლოში, მაგრამ ამავე დროს ყველაზე დიდი იმპორტიორიც. ასეთ დიდი მოთხოვნას განაპირობებს ის თვისებები, რაც მოცვს გააჩნია. კერძოდ, იმუნიტეტს ამაღლებს, ვიტამინების საბადოა, ანტიოქსიდანტია, აუმჯობესებს მხედველობას, გულის დაავადებების რისკებს ამცირებს, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ა.შ. შესაბამისად, რაც უფრო მეტი დადებითი თვისების შესახებ ხდება ცნობილი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა. საუბარი მაქვს უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ტენდენციაა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ახლა დაიწყო ცნობადობის ამაღლება. როდესაც მე პროექტში ჩავერთე, 2016 წელს, ძალიან ცოტამ თუ იცოდა მის შესახებ. ახლა კი, სულ უფრო დიდი ინტერესი მოდის. მეტიც, წელს ლურჯ მოცვზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ თითო ბაღთან რამდენიმე მყიდველი დგას. აქედან გამომდინარე ფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი პერსპექტივაა ეკონომიკისთვის“,-ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც მოცვის მწარმოებლებს ექმნებათ, ეკატერინე ვეფხვაძე ამბობს, რომ პირველ რიგში ეს არის ფრენების აკრძალვა, შემდეგ კი ყველა ის ხარვეზი, რომელიც ზოგადად აგროსფეროშია.

„ჩვენთვის დიდი პრობლემაა საჰაერო მიმოსვლა, რადგან ჩვენ ძირითადად სამგზავრო თვითმფრინავებით გადაგვაქვს. ასევე, შესაფუთი მასალა, რომელსაც აქ ვერ ვყიდულობთ და ჩამოგვაქვს. პრობლემაა სამაცივრე მეურნეობები. მარტივად რომ გითხრათ, გვაწუხებს ყველა ის პრობლემა, რაც ზოგადად აგროსექტრშია. სხვა მხრივ, პანდემია ჩვენ ნაკლებად შეგვეხო, რადგან სამუშაო პროცესში ღია ცის ქვეშ ვართ“,-ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.

ნინი ქეთელაური