ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კირილ ანანიევმა განაცხადა.
„ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდა გვაქვს, ამიტომ საგანგებო მდგომარეობას 15 ივლისამდე ვახანგრძლივებთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ახალი, უფრო მკაცრი შეზღუდვების ხელახლად დაწესება არ იგეგმება, თუმცა სოციალური დისტანცირების დაცვასა და პირბადის გამოყენებაზე კონტროლი გაძლიერდება.
ცნობისათვის, ბულგარეთში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა ივნისის დასაწყისში დაიწყო, თუმცა გასულ კვირას ქვეყანაში რეკორდულად მაღალი, 606 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დღიდან ბულგარეთში კორონავირუსის 4 114 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 208 ადამიანი.