„საზოგადოება და ბანკები“ - სასურველია, ეროვნულმა ბანკმა, უახლოეს თვეებში, უფრო მეტად შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი

სასურველია, ეროვნულმა ბანკმა, უახლოეს თვეებში, უფრო მეტად შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“. როგორც ცნობილია, დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25% შეადგინა.

„საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119200 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25% შეადგინა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6140.55 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 500-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6254.81 მილიონიდან 6140.55 მილიონ ლარამდე შემცირდა.

119200 ხელშეკრულებიდან 34200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 834.11 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 13.49% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 44400 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.25%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1923.31 მილიონი ლარია.

36700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3142.34 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.30 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.70%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 2043.04 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.02%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.882 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 81.25 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.83%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია პროცენტი სამომხმარებლო სესხებზე 12.88-დან 13.49-მდე, ავტოსესხები 12.32-დან 16-მდე, ბიზნეს სესხებზეა შემცირებული და საბოლოოდ საშუალო შეწონილი 1 აპრილთან შედარებით 0.57%-ითაა დაწეული“, - აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.