Nokia საფრანგეთში 1 200-ზე მეტ სამუშაო ადგილს აუქმებს

ფინური Nokia საფრანგეთში მოქმედ შვილობილი კომპანიის, Alcatel-Lucent International-ის 1 233 თანამშრომელს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში რეზონანსული აღმოჩნდა, რადგან Nokia-მ 5 წლის წინ Alcatel-Lucent International-ი იმ პირობით იყიდა, რომ სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებდა და გააფართოვებდა თავის სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს ქვეყანაში.

კომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხარჯების შემცირების საჭიროებით ხსნიან. Nokia-ს წარმომადგენლებმა აპრილში განაცხადეს, რომ წელს 500 მილიონ ევრომდე ხარჯის დაზოგვას გეგმავენ.

საფრანგეთში Nokia-ში დასაქმებულია 5,138 ადამიანი, აქედან 3,640 მუშაობს Alcatel-Lucent International– ში.

ფინურმა Nokia-მ ფრანგული Alcatel-Lucent-ი 2015 წელს იყიდა.