წვრილი ნაწლავის ვასკულიტები, წყლულოვანი ენტერიტები, პოლიპოზი - ამ ნაწლავური დაავადებების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით არათუ მცირდება, არამედ მნიშვნელოვნად იზრდება.
ამასთან, მედიკოსები დაავადებების დიაგნოსტირების უფრო სწრაფ და კომფორტულ მეთოდებს ეძებენ, რათა გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტური გახდეს.
ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელებულია. ისინი შეიძლება აწუხებდეთ, როგორც მოზარდებს, ისე ასაკოვან ადამიანებს. შესაძლოა დაავადებები იყოს, როგორც გენეტიკური, ასევე შეძენილი, მათი სერიოზული გართულებების და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი შესაძლოა მივიღოთ ლეტალური შედეგი.
ვინაიდან წვრილ ნაწლავში მიმდინარე პროცესების დეტალური გამოკვლევა წლების მანძილზე სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მეცნიერებმა ენდოკაფსულით დიაგნოსტირების თანამედროვე და ეფექტური მეთოდი შექმნეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ პირველად აშშ-ში იქნა სერტიფიცირებული და ამჟამად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად იყენებენ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევის ეს მეთოდი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. რატომ არის ის უფრო ეფექტური, ზუსტი და სწრაფი, ამის შესახებ დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ-ენდოსკოპისტს ზანდა კუტივაძეს ვესაუბრეთ:
რა არის ენდოკაფსულა და როგორ იყენებთ მას წვრილი ნაწლავის პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის?
ენდოკაფსულა სწრაფი და ეფექტური მეთოდია საჭმლის მომნელებელი სისტემის და წვრილი ნაწლავის ყოვლისმომცველი გამოკვლევისთვის და მისი საშუალებით ჩატარებული დეტალური გამოკვლევა სპეციალისტებს გვეხმარება პაციენტისთვის ოპტიმალური მკურნალობის კურსის დაგეგმვაში.
უკეთ რომ აღვწეროთ, ენდოკაფსულა არის ძალიან მცირე ზომის, მულტივიტამინის ფორმის კაფსულა, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერით. ის ძალიან პრაქტიკულია პაციენტისთვის, რაც მთავარია, ყოველგვარ უსიამოვნო შეგრძნებებს მოკლებულია და უმტკივნეულო პროცედურაა.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული „ოლიმპუსის“ ენდოკაფსულა უზრუნველყოფს ზუსტ დაკვირვებას და საიმედო დიაგნოზს, რაც განპირობებულია მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციის სისტემისა და 160° ფართო ხედვის კუთხის მეშვეობით.
როგორია გამოკვლევის პროცესი? რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?
ენდოკაფსულის საშუალებით საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევის პროცესი პაციენტისთვის საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ენდოკაფსულით დიაგნოსტირებამდე ხდება პაციენტის წინასწარი მომზადება, რაც გულისხმობს წვრილი და მსხვილი ნაწლავის განთავისუფლებას ნაწლავის შიგთავსისგან, რის შემდეგაც პაციენტი ყლაპავს კაფსულას. პაციენტი აღიჭურვება ავტომატური რეგისტრაციისა და ქამრის ტიპის კომპაქტური ჩამწერით და 12-18 საათის განმავლობაში კაფსულის კამერა ჩაიწერს საჭმლის მომნელებელ სისტემაში (საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი) მიმდინარე პროცესებს. ჩამწერი სისტემა აფიქსირებს პათოლოგიური უბნების ლოკალიზაციას და ახდენს მათ 3D ვიზუალიზაციას. კვლევის დასრულების შემდეგ, მასალა გადაგვაქვს კომპიუტერში და ვიწყებთ მის დეტალურ შესწავლას და დიაგნოსტირებას. მინიმუმამდეა დაყვანილი გამოკვლევის პროცესში ადამიანის ჩართულობა. ენდოკაფსულის სისტემა ექიმს აწვდის კვლევისთვის მნიშვნელოვან დეტალურ გამოსახულებას, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტირების სიზუსტეს. რაც მთავარია, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა განაგრძოს მისი ყოველდღიური საქმიანობა, ხოლო სისტემა ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს საჭირო ინფორმაციას. პროცესი არის სრულიად უმტკივნეულო და ეს მულტივიტამინის ზომის კაფსულა ფიზიოლოგიური გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან.
როგორც ვიცით, წვრილი ნაწლავის პათოლოგიების დიაგნოსტიკა ფაქტიურად ვერ ხერხდებოდა ამ დრომდე, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რამდენად გადაჭრა ეს პრობლემა ენდოკაფსულამ?
ამ მხრივ, ენდოკაფსულა საქმეს ცალსახად გვიმარტივებს, იდეალურია უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენების დიაგნოსტირებისთვის, რომლის მიზეზიც შესაძლებელია იყოს წყლულოვან- ეროზიულ-ჰემორაგიული ენტერიტი, ვასკულიტი, ოჯახური პოლიპოზი და დივერტიკულოზი. აღნიშნულ დაავადებებს ვერ ვადგენთ გასტროსკოპიის და კოლონოსკოპიის ჩატარებით, შესაბამისად ენდოკაფსულა საუკეთესო შესაძლებლობაა. მანიფესტირებული სისხლდენის შემთხვევაში ქირურგებისთვის უკვე ცნობილია წვრილი ნაწლავის რომელი ნაწილიდან არის სისხლდენა და შემოიფარგლებიან აღნიშნული სეგმენტის რეზექციით, შემდგარი სისხლდენის დროს პაციენტს მკურნალობს გასტროენტეროლოგი.
საქართველოში რამდენად ხშირად გამოიყენება გამოკვლევის ეს მეთოდი? დაგხმარებიათ თუ არა სერიოზული პათოლოგიის აღმოჩენაში?
გამოკვლევის ეს მეთოდი საქართველოში მხოლოდ „ნიუ ჰოსპიტალსშია“ ხელმისაწვდომი. 2015 წლიდან დღემდე გვყოლია პაციენტები, რომლებისთვისაც სწორედ ენდოკაფსულით ჩატარებული კვლევის მეშვეობით დაგვისვამს სისხლმდენი პოლიპოზის, წყლულოვანი ენტერიტის და ვასკულიტის დიაგნოზი. ამ პათოლოგიების კვლევაში ეს მეთოდი საუკეთესოა.
გვქონდა შემთხვევა, მოზარდ ბავშვში როცა ენდოკაფსულარული გამოკვლევის შედეგად, თეძოს ნაწლავში მოზრდილი ზომის სისხლმდენი პოლიპი აღმოვაჩინეთ, ასევე გვქონდა მლივი ნაწლავის ვასკულიტის და წყლულოვანი ენტერიტის შემთხვევები.
საინტერესოა, რამდენად გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში თქვენს მიერ ჩამოთვლილი დაავადებები და რატომ შეიძლება, გამოუვლინდეს ის ადამიანს?
აღნიშნული დაავადებები ყოველთვის გავრცელებული იყო, თუმცა გენეტიკური ფაქტორების გარდა, არაჯანსაღი საკვები პროდუქტების, სტრესული ცხოვრების წესი და გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების ხშირად გამოყენება რა თქმა უნდა, მათი განვითარების რისკებს ზრდის.
რამდენად მნიშვნელოვანია მათი დროული დიაგნოსტირება და შესაძლებელია თუ არა მათი მართვა?
დაავადებების დიაგნოსტირების დაგვიანების შედეგად, შეიძლება მივიღოთ ისეთი გართულებები, როგორიც არის კრიტიკული ანემია, პოსტჰემორაგიული შოკი და საბოლოო ჯამში, შესაძლებელია შემთხვევა ლეტალობითაც დასრულდეს. ამ დროს მკურნალობას ვიწყებთ კონსერვატიულად, მაგრამ საბოლოოდ, ასეთი პათოლოგიების სრულყოფილი დიაგნოსტირება მაინც ენდოკაფსულარული კვლევით ხდება, რეციდივის შემთხვევაში, ექიმმა უკვე იცის პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია, რომელიც ამა თუ იმ დაავადებით არის გამოწვეული. შესაბამისად, ხდება პაციენტების მართვა დიაგნოზიდან გამომდინარე. ამიტომ არის საჭირო სწორი და დროული დიაგნოსტიკა.
COVID-19-ის გამო, პაციენტები ხშირად თავს არიდებენ ექიმთან ვიზიტს. რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა სჭირდებათ?
როგორც აღვნიშნეთ, სხვადსხვა გასტროენტეროლოგიური დაავადება შესაძლოა პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში იყოს. შესაბამისად, ამ დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია პაციენტის სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნლებად. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს და იცავს ყველა წესსა და პირობას, რაც შესაძლებელია პანდემიასთან გასამკლავებლად და პაციენტებისთვის COVID-19–ისგან უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190