ქართული საწარმო, რომელიც უცხოური ბრენდებისთვის ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა.
საუბარია სამკერვალო კომპანია MGMTex-ზე, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებდა, როგორებიცაა „H&M“, „Mango“, „Zara“, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვა.
საწარმოს გაკოტრების შესახებ ინფორმაცია რეესტრში უკვე აისახა.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. “საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, - აღნიშნულია რეესტრში.
ცნობისათვის, MGMTex-ის ქუთაისის საწარმო 2018 წლის აპრილში გაიხსნა. კომპანია წარმოადგენდა ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. MGMTex-ი იყო რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებდა, როგორებიცაა: H&M, Next, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვა. ქართულ საწარმოში ტანსაცმელი მთლიანად ევროპის ქვეყნებისთვის მზადდებოდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შეკვეთების შემდეგ, MGMTex-მა პირბადეების წარმოება დაიწყო, თუმცა მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ კომპანიის დირექტორი ელიზბარ ლომინაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, „არ გაამართლა ქართული პირბადეების წარმოებამ. მუშაობა შეუძლებელი იყო, ხარჯები ბევრად გაგვეზარდა, ამიტომ მთლიანად დავხურეთ საწარმო და 320 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გავუშვით“.